|
|
ისიც აღსანიშნავია, რომ, ზოგადად, ქრისტიანობაც აღმოსავლეთიდან მოსული მოძღვრებაა, ნასაზრდოები აღმოსავლეთის არაერთი კულტურითა და იდეური წყაროთი. ამდენად, ევროპული ცივილიზაცია თავისთავად მსოფლიოს სხვადასხვა კულტურებიდან იკვებებოდა და არასოდეს ყოფილა ჩაკეტილი მხოლოდ საკუთარ თავში, მით უმეტეს, ბოლო საუკუნეების განმავლობაში, როცა ევროპის ფარგლებიც და თვალსაწიერიც უკიდურესად გაფართოვდა. მაგრამ მაინც, თითქმის ორი ათასწლეულის განმავლობაში ქრისტიანობა განაპირობებდა ევროპის სახესაც და, შესაბამისად, ევროპულ ღირებულებებსაც. არცერთ სხვა რელიგიას, ფილოსოფიას თუ მსოფლმხედველობას არასოდეს მიუნიჭებია ისეთი ფასი და მნიშვნელობა ცალკეული ადამიანის პიროვნებისათვის, როგორიც მას ქრისტიანობამ მიანიჭა; მხოლოდ ქრისტიანობამ მიიჩნია, რომ სხვა ადამიანის სამსახური, დახმარება, მხარდაჭერა, თემის სხვა წევრის საზრუნავის საკუთარ საზრუნავად გათავისება არა მხოლოდ რელიგიური მოვალეობაა, არამედ ადამიანის ღმრთაებრივი დანიშნულებაც, რითაც, ფაქტობრივად, ღმრთისათვის პატივის მიგების, ანუ ღმრთის მსახურების ერთადერთ ფორმად ადამიანის მსახურება გამოცხადდა; ქრისტიანობამ დაამკვიდრა, - ადამიანის სასრულობის, დასაზღვრულობისა და სისუსტის გათვალისწინებით, - საკუთარ ქმედებათა, მიღწევათა, მონაპოვართა ყოველდღიური, ყოველწუთიერი, განუწყვეტელი განსჯა თუ შეფასება, და კიდევ მეტი: საკუთარ თავში ან საკუთარ ნამოქმედარში უფრო ნაკლისა თუ მანკის მონახვა, ვიდრე კეთილისა თუ საამაყოს შემჩნევა, რაც, შესაძლოა, ფუჭი კმაყოფილების საბაბი გახდეს. ამასთანავე, ქრისტიანობამ უმეტეს დანაშაულად (ცოდვად) და სხვა დანაშაულთა წყაროდ საკუთარი თავით ტკბობა, თვითმოწონება, სხვაზე აღმატების განცდა („ამპარტავნება") დასახა, ხოლო ადამიანის შეფასება მხოლოდ რომელიმე ჯგუფისადმი მისი კუთვნილების მიხედვით სრულიად მიუღებელ და არაქრისტიანული დამოკიდებულების გამოვლინებად აღიარა.
|