|
|
A legal protection of exceptional value of every person,taking into consideration their difference and personal choice, has been ensured for centuries through the separation of powers, in general,and, in particular, the justice,i.e. a court system which defends interests of separate individuals against attacks of authority, even private authority.
|
|
|
პირველი: ცალკეულ პიროვნებას უფრო მნიშვნელოვანი და ღირებული ფასი ედება, ვიდრე - საზოგადოებას, კრებულს, თემს, სახელმწიფოს. საქმე ისაა, რომ როცა ერთმანეთს შეეჯახება, ერთმანეთს დაუპირისპირდება, ერთი მხრივ, ერთეული, ანუ ინდივიდუალური ადამიანი და, მეორე მხრივ, კოლექტივი, ამ დროს უპირატესობა ენიჭება ადამიანს და არა კოლექტივს. არის გამონაკლისებიც: ვთქვათ, გარემოებები, როცა ინდივიდს მორალურად მოეთხოვება, კოლექტივის ინტერესების გამო, უარი თქვას საკუთარ, პირად, პიროვნულ სურვილებზე (მაგალითად, ომის შემთხვევაში, მტრის თავდასხმისას, როცა საფრთხე ემუქრება ქვეყანას თუ ახლობლებს) ან კიდევ ისტორიული შემთხვევები, როცა სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესები უფრო მაღლა იდგა, ვიდრე ცალკეული ადამიანისა, განსაკუთრებით, მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის ისტორიაში (მაგალითად, ჰიტლერული ნაციონალ-სოციალიზმი ან მუსოლინის ფაშიზმი, თუმცა მანამდე ამგვარი ტოტალიტარისტული სწრაფვები სათავეს იღებს ჯერ კიდევ საფრანგეთის რევოლუციის ხანიდან). ყოველი პიროვნების განსაკუთრებული, გამორჩეული ღირებულების კანონიერ დაცვას - თავისი განსხვავებულობისა და საკუთარი არჩევანის გამოხატულების გათვალისწინებით - საუკუნეების განმავლობაში უზრუნველყოფს როგორც, ზოგადად, ძალაუფლების შტოთა ერთმანეთისაგან გამიჯვნა, ისე (და საგანგებოდ) სამართალი, ანუ სასამართლო, რომელიც ცალკეული ადამიანის ინტერესებს უჭერს მხარს თუნდაც ხელისუფლების, თუნდაც კერძო ხელისუფლის შემოტევის წინაშე. ეს სამართალი სათავეს იღებს რომის სამართლიდან, რომელიც ევროპის ათასწლოვანი ისტორიის მანძილზე სახეს იცვლის, ტრანსფორმირდება უმეტესწილად ადამიანის უფლებათა უზრუნველყოფის თვალსაზრისითა და მიმართულებით. ევროპული სასამართლო ის საუკუნოვანი დაწესებულებაა, სადაც საკუთარი თავის, პირადი ღირსებისა თუ პირადი საკუთრების დაცვა პიროვნებას შეუძლია მაშინაც კი, თუკი იგი ხელისუფლების აგრესიულ გამოვლინებათა პირისპირ აღმოჩნდება, და ამ მდგომარეობაშიც მას არ ტოვებს განცდა იმისა, რომ მისი პირადი ხელშეუხებლობა დაცულია.
|